
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან ჯარის შეკრება შეშფოთების საფუძველს იძლევა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა EURACTIV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობა შეშფოთების საფუძველს იძლევა, თუმცა ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს ნატოს გადაწყვეტილებაში, რომ ის რეგიონში ყველა მოკავშირეს დაიცავს.
„რუსეთისთვის მკაფიო გზავნილი გვაქვს: უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს ნატო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა: „უპირველესი ამოცანაა, რომ ეს თავდასხმა თავიდან ავირიდოთ.“
ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ, ფინანსურ და დიპლომატიურ საშუალებებზე, რომლებსაც რუსეთის აგრესიის შემთხვევაში მის წინააღმდეგ მიმართავენ.
მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ევროკავშირმა რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს.
კითხვაზე, რამდენად იყენებს რუსეთი ბელარუს-პოლონეთის საზღვართან არსებულ მიგრანტთა კრიზისს უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადების გადასაფარად, იენს სტოლტენბერგმა უპასუხა: „რუსეთის განზრახვები გარკვეული არ არის, თუმცა მას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა აქამდეც გამოუყენებია.“
„ისინი ასე მოიქცნენ 2014 წელს, ყირიმი კვლავ ოკუპირებული აქვთ, აღმოსავლეთ უკრაინასა და დონბასში დესტაბილიზაციას განაგრძობენ, უკრაინის წინააღმდეგ რამდენიმე კიბერშეტევა განახორციელეს, მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკრაინის მიმართ ჰიბრიდულ აქტივობებზე, ახლა კი აგრესიულ რიტორიკას ვხედავთ. თუ ამ ყველაფერს დავაჯამებთ, რა თქმა უნდა, შეშფოთების მიზეზი არსებობს,“- დასძინა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რეგიონში ნატოს სამხედრო აქტივობის გაზრდა უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგია.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას, იენს სტოლტენბერგმა უსაპუხა, რომ ალიანსი თავისი პოზიციების კორექტირების საკითხს რეგულარულად განიხილავს.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის