ლატვიას რუსეთის შესაკავებლად ქვეყანაში აშშ-ის სამხედროების მუდმივად ყოფნა ესაჭიროება

ლატვიას რუსეთის შესაკავებლად ქვეყანაში აშშ-ის სამხედროების მუდმივად ყოფნა ესაჭიროება

ლატვიის თავდაცვის მინისტრის არტის პაბრიკსის განცხადებით, ლატვიას რუსეთის შესაკავებლად ქვეყანაში აშშ-ის სამხედროების მუდმივად ყოფნა ესაჭიროება. აღნიშნული განცხადება არტის პაბრიკსმა ნატოს გენერალური მდივნის რიგაში ვიზიტისას გააკეთა. არტის პაბრიკსის თქმით, ლატვიას სურს, რომ თავდაცვა ამერიკული „პატრიოტის“ რაკეტებით გააძლიეროს.

ნატო შეშფოთებას გამოხატავს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების გამო. რიგაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.

„ჩვენ დამატებითი საერთაშორისო დახმარება გვჭირდება. გვსურს, რომ აშშ-ის სამხედროები მუდმივად იმყოფებოდნენ ჩვენს ქვეყანაში. საჰაერო და საზღვაო თავდაცვა უნდა გადავიდეს ისეთ სისტემებზე, როგორიც არის „პატრიოტის“ თავდაცვის სისტემა,“- განაცხადა არტის პაბრიკსმა Reuters-თან ინტერვიუში.

ნატოს ძალებმა ლატვიის დათოვლილ ტყეში შენიღბული ტანკებითა და ნამდვილი ტყვიებით სამხედრო უნარები გაიმყარეს.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ, 2017 წლის ივლისიდან ნატომ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დასაცავად რეგიონში ბატალიონის ზომის ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი განათავსა.

რუსეთის მტკიცებით, ის ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე თავდასხმას არ გეგმავს. მოსკოვი ნატოს რუსეთის საზღვრებთან სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო ევროპის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს.