საფრანგეთში პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატ ერიკ ზემურზე კამპანიის დროს თავდასხმა განხორციელდა

საფრანგეთში პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატ ერიკ ზემურზე კამპანიის დროს თავდასხმა განხორციელდა

საფრანგეთში პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატ ერიკ ზემურზე კამპანიის დროს თავდასხმა განხორციელდა.

პრეზიდენტობის 63 წლის კანდიდატი ყრილობაზე სცენისკენ მიემართებოდა, როდესაც მას თავდამსხმელმა მამაკაცმა კისერში ხელი ჩაავლო. ერიკ ზემურს თავდასხმის მოგერიებაში პოლიცია დაეხმარა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატს მაჯა დაუზიანდა. ექიმებმა მას ცხრა დღით დასვენება ურჩიეს.

ბატონმა ერიკ ზემურმა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა სამშაბათს დააყენა.

ინციდენტი, რომლის დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატს თავს დაესხნენ ყრილობის მიმდინარეობისას ერთადერთი არ ყოფილა. ზემურის მოსასმენად კვირას 10 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ულტრამემარჯვენე კანდიდატის მოწინააღმდეგე ათასობით დემონსტრანტი კი ქუჩაში გამოვიდა. პოლიციამ  ათეულობით ადამიანი დააკავა.

ერიკ ზემური ყრილობაზე დაახლოებით საღამოს ექვსის ნახევარზე მივიდა. მას  სცენაზე ასვლამდე დაესხნენ თავს. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე დააკავა.

„თუ მე არჩევნებში გავიმარჯვებ, ეს არი იქნება უბრალოდ ძალაუფლების კიდევ ერთი ცვლა, არამედ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნის დაბრუნება,“ – განაცხადა ერიკ ზემურმა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მან პარტიას „რეკონკისტა“ დაარქვა, რაც პირენეს ნახევარკუნძულიდან ქრისტიანების მიერ მუსლიმთა განდევნის ისტორიულ მოვლენას უკავშირდება.

ერიკ ზემურმა პოლიტიკური ელიტისა და მედიის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა.

„მე ვარ ერთადერთი, ვინც სიტყვისა და აზროვნების თავისუფლებას იცავს,“ – განაცხადა ერიკ ზემურმა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ემანუელ მაკრონი 2022 წელს პრეზიდენტობის შენარჩუნებას შეძლებს, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორი შედეგით დასრულდება საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები.