ჯო ბაიდენის განცხადებით, გლობალური მასშტაბით დემოკრატიის დაღმასვლა შეინიშნება

ჯო ბაიდენის განცხადებით, გლობალური მასშტაბით დემოკრატიის დაღმასვლა შეინიშნება

ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  გლობალური მასშტაბით დემოკრატიის დაღმასვლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო ტენდენციები უმეტესად არასწორი მიმართულებით სვლაზე მიანიშნებს. აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ახლა კრიტიკული დროა, როდესაც ლიდერებმა დემოკრატიის გასაძლიერებლად ძალისხმევა უნდა გააორმაგონ და „განსაზღვრონ ის მიმართულება, რომელსაც მსოფლიო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში აირჩევს.“

„დემოკრატია შემთხვევითობას არ ეფუძნება. ის ყოველ თაობაში უნდა განახლდეს. ეს ჩვენი დროის გადამწყვეტი გამოწვევაა,“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა დემოკრატიის ვირტუალური სამიტის დაწყებამდე.

დემოკრატიის სამიტში მსოფლიოს 110 ქვეყანა იღებს მონაწილეობს. სამიტზე რუსეთი და ჩინეთი არ მიუწვევიათ.

შაბათ-კვირას ჩინეთმა დემოკრატიის საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 120 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მცდელობა, რომ სხვებს დასავლური დემოკრატიული მოდელის გადაღება აიძულოს, მარცხისთვის არის განწირული.

გერმანიის ახალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშაა.

„მზარდი ნაციონალიზმისა და მემარჯვენე პოპულიზმის პირობებში, ასევე დეზინფორმაციის კამპანიისა და სიძულვილის ენის ფონზე, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, როგორც შიგნით, ასევე გარეთ,“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, რომელიც დემოკრატიის სამიტს ესწრებოდა, მოგვიანებით Twitter-ზე დაწერა: „დემოკრატია საჩუქარი არ არის, მისთვის უნდა იბრძოლო.“

ამერიკის პრეზიდენტი  დემოკრატიის გასამყარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ  424 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს პროგრამებში, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მედიის თავისუფლებას, კორუფციასთან ბრძოლასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს.