
კიევი გერმანიას უკრაინისთვის ნატოს იარაღის მიწოდების დაბლოკვაში ადანაშაულებს
უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა გერმანია ნატოს მეშვეობით უკრაინის იარაღით მომარაგების დაბლოკვაში დაადანაშაულა.
ალექსეი რეზნიკოვმა Financial Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბერლინმა გასულ თვეში უკრაინის მიერ ნატოს მხარდაჭერითა და შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით დრონების საწინააღმდეგო შაშხანებსა და ანტისნაიპერული სისტემების შეძენას ვეტო დაადო. მოგვიანებით გერმანიამ დრონების საწინააღმდეგო შაშხანების მიმართ დამოკიდებულება შეარბილა, რადგან ის არალეტალურად ჩათვალა.
„ისინი ჯერ კიდევ განაგრძობენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობას, ამავე დროს ჩვენს თავდაცვით იარაღს ბლოკავენ. ეს უსამართლობაა,“ – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.
კიევი უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებში არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვის იბრძვის. მოკავშირეები კი ფრთხილობენ, რადგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ, შესაძლოა, პროვოკაციად ან ესკალაციის საბაბად ჩაითვალოს. უკრაინა ცდილობს სასწრაფოდ შეიძინოს რაკეტსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემები, ელექტრონული საბრძოლო საშუალებები და კიბერ თავდაცვის აღჭურვილობა.
ანგელა მერკელის ყოფილი მთავრობის გადაწყვეტილებით უკრაინისთვის ლეტალური აღჭურვილობის შეძენის ბლოკირების გათვალისწინებით, ალექსეი რეზნიკოვის თქმით, კიევი შეეცდება იარაღი მოკავშირეებთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი) ორმხრივი გარიგებების გზით შეიძინოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ახალი მთავრობის პოზიცია ჯერჯერობით გარკვეული არ არის. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ, რომელიც იარაღის ექსპორტის დამტკიცებასა და დაბლოკვაზეა პასუხისმგებელი, კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ისევე როგორც გერმანიის კანცელარიამ.
ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ თავდაცვით იარაღს აშშ-ისა და სხვა დასავლელი მოკავშირეებისგან შეიძენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა საკმარისი კიევის მიერ შეძენილი იარაღი რუსეთის თავდასხმის გასამკლავებლად.
აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა დასავლელი ლიდერები რუსეთს უკრაინაზე სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური სანქციებით დაემუქრნენ.
„რუსეთის პროვოცირების თავიდან აცილების სტრატეგია არ მუშაობს და არ იმუშავებს,“ – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. ალექსეი რეზნიკოვის თქმით, 2008 წელს რუსეთი საქართველოში მას შემდეგ შეიჭრა, რაც პარიზმა და ბერლინმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა დაუბლოკეს.
„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ევროპისთვის კატასტროფა იქნება. მილიონობით უკრაინელი, სავარაუდოდ ევროკავშირში გაიქცევა და უკრაინის მარცვლეულის უზარმაზარ ექსპორტს საფრთხე დაემუქრება,“ – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.
„რუსეთში ბევრ კუბოს დააბრუნებენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრა თანამედროვე სამყაროს დასასრულს და ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს, რომელშიც საერთაშორისო წესები აღარ იარსებებს,“ – დასძინა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის