ერთსქესიანი მშობლები და მათი შვილები ევროკავშირის მასშტაბით ყველა ქვეყანაში ოჯახებად უნდა აღიარონ

ერთსქესიანი მშობლები და მათი შვილები ევროკავშირის მასშტაბით ყველა ქვეყანაში ოჯახებად უნდა აღიარონ

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბლოკის წევრ ყველა ქვეყანაში ერთსქესიანი მშობლები და მათი შვილები ოჯახებად უნდა აღიარონ. სასამართლოს დადგენილებით, თუ ევროკავშირის ერთი ქვეყანა მშობლისა და შვილების ურთიერთობას აღიარებს, სხვა ქვეყნებიც ანალოგიურად უნდა მოიქცნენ, რათა ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება დაიცვან.

საქმე სასამართლომდე მას შემდეგ მივიდა, რაც ბულგარეთის ხელისუფლებამ ერთსქესიანი წყვილისთვის ქალიშვილის დაბადების მოწმობის მიცემაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ბავშვს არ შეიძლება ორი დედა ჰყავდეს.

ბულგარელი კალინა ივანოვა და ბრიტანელი ჯეინ ჯონსი ორივე 2019 წელს ესპანეთში დაბადებული სარას დედებად არიან რეგისტირებულები. არცერთი მშობელი ესპანური წარმოშობის არ არის, რის გამოც ბავშვი ესპანეთის მოქალაქე ვერ გახდება. ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად ჯეინ ჯონსი შვილს ბრიტანეთის მოქალაქეობას ვერ გადასცემს, რადგან თავად გიბრალტარშია დაბადებული. ყოველივე ამის საფუძველზე კალინა ივანოვამ შვილისთვის ბულგარეთის მოქალაქეობის მინიჭება მოითხოვა, თუმცა ქვეყანამ უარი განაცხადა, რადგან ბულგარეთში ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურად არ არის აღიარებული.

სარას მოქალაქეობის გარეშე დარჩენის საფრთხე დაემუქრა, რაც მას  განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავდა.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვს ბულგარეთის პასპორტი უნდა გადაეცეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ILGA-Europe-ის სამართალწარმოების ხელმძღვანელმა არპი ავეტისიანმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ  ევროკავშირში დიდი ხნის ნანატრი სიცხადე შემოიტანა, რომლის თანახმად ბლოკის წევრ ერთ ქვეყანაში აღიარებული მშობლობა მეორე ქვეყანამ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით არ უნდა უარყოს.

„მნიშვნელოვანია, რომ განაჩენი დაუყოვნებლივ აღსრულდეს არამხოლოდ სარასა და მისი ოჯახისთვის, არამედ სხვა ოჯახებისთვისაც, რომლებიც ევროკავშირის მასშტაბით მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან,“ – განაცხადა არპი ავეტისიანმა.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.