
აფრიკის ქვეყნებთან ევროკავშირის საიმიგრაციო შეთანხმება სიგიჟეა – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს სესიის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირმა აფრიკის ქვეყნებთან არ უნდა დადოს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაიყვანს მათ მოქალაქეებს ევროპაში. პიტერ სიიარტოს თქმით, ნაცვლად ამისა, ევროკავშირმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები თავიანთ ქვეყნებში დარჩნენ. უნგრეთის პოზიციაა, რომ ევროკავშირი აფრიკის ქვეყნებს საკუთარი მოქალაქეებისთვის ისეთი პირობების შექმნაში დაეხმაროს, რომელიც მათ სამშობლოში დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.
პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ ევროკომისია აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის რეგიონის 79 ქვეყანასთან ე.წ. „პოსტ-კოტონუს შეთახნმების“ ფარგლებში „პრომიგრაციული შეთანხმების“ მიღწევასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ჩვენთვის მიუღებელია, რომ ბრიუსელი კიდევ ერთი სიგიჟის ჩადენას გეგმავს. მიგვაჩნია, რომ ეს ღრმად ეწინააღმდეგება ევროპის ინტერესებს და ამაზე მომავალშიც ვისაუბრებთ,“ – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პიტერ სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმების მიღწევა საჭირო არ არის და მეზობელი კონტინენტების უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის განვითარების უზრუნველყოფა ევროპაში მასობრივი მიგრაციის დაშვების გარეშე შესაძლებელია.
გასულ წელს ხელმოწერილი „პოსტ-კოტონუს შეთანხმების“ დანერგვა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კვლავ დღის წესრიგში დადგა. აღნიშნული შეთანხმება განვითარებულ სამყაროში მიგრაციისთვის უსაფრთხო და რეგულარული მარშრუტების შექმნას ითვალისწინებს. „კოტონუს შეთანხმების “ მიზანს კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრაციის დაჩქარება წარმოადგენს. შეთანხმების ფარგლებში კონტროლირებადი მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელიც მესამე სამყაროს ქვეყნების მოქალაქეების ევროპაში მასობრივ დასახლებას შეუწყობს ხელს.
პიტერ სიიარტომ აღნიშნულ გეგმებს მიუღებელი უწოდა და პირობა დადო, რომ მათ ვიშეგრადის ჯგუფის პარტნიორებთან ერთად დაუპირისპირდებოდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „კოტონუს შეთანხმება“ მიგრაციასა და სოციალური დაძაბულობის, კრიმინალის, ტერორიზმის, პარალელური საზოგადოებების ჩამოყალიბების, სექსუალური ძალადობისა და ანტისემიტიზმის ზრდას შორის არსებულ კავშირებს აბსოლუტურად უგულებელყოფს.
პიტერ სიიარტოს თქმით, ევროკავშირის პრომიგრაციული შეთანხმება სრულად პოზიტიურად აფასებს ევროპაში ადამიანების მასობრივ იმპორტს, მაშინ როდესაც მათი დიდი ნაწილი ევროპულ კულტურას არ იცნობს და მას სათანადოდ არ აფასებს.
უნგრეთის მთავრობა წლებია ამტკიცებს, რომ მსოფლიოს გაჭირვებულ რეგიონებს დახმარება უშუალოდ უნდა მიეწოდოთ და ხალხის მასების ევროპაში გადაყვანა გამოსავალი არ არის.
დეკემბერში ევროკავშირმა 2021-2027 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც ნებისმიერი არალეგალი თუ ევროპის ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი მიგრანტის საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს მიგრანტებს ისევე მოექცნენ, როგორც საკუთარ მოქალაქეებს.
პანევროპული საბინაო კრიზისის შუაგულში, როდესაც დასაქმებულ ადამიანებსა და ახალგაზრდა ოჯახებს საკუთარი სახლის ყიდვა არ შეუძლიათ, ევროკავშირი ამ მხრივ პრიორიტეტს მიგრანტებს მიანიჭებს. კომუნიკაციების საკითხში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობა ამ გეგმაზე უარს იტყვის და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხში უპირატესობას საკუთარ მოქალაქეებს მიანიჭებს.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის