საფრანგეთში 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინის ბუსტერ დოზა არ გაიკეთეს, მწვანე პასპორტი გაუუქმდებათ

საფრანგეთში 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა არ გაიკეთეს, მწვანე პასპორტი გაუუქმდებათ

საფრანგეთში ოთხშაბათს ვაქცინირებული ადამიანებისთვის წესები გაამკაცრეს. ცვლილებების თანახმად ორჯერადად ვაქცინირებულ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მწვანე პასპორტები გაუუქმდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეულ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულებად ითვლებოდნენ.

ახალი ზომები იმ ადამიანებისთვის ამოქმედდება, რომლებმაც ვაქცინის ბოლო დოზა შვიდი თვის წინ ან უფრო ადრე გაიკეთეს. 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით არ აიცრებიან კაფეებსა და რესტორნებში შესვლას, ასევე რეგიონთაშორისი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენ ტესტის ნეგატიურ პასუხს წარადგენენ.

Le Monde-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ახალი შემზღუდავი ზომების დაწესების გამო საფრანგეთში 400 000 ადამიანი მწვანე პასპორტს დაკარგავს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან 65 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებიც ბოლო აცრიდან ან ინფექციის გადატანიდან შვიდი თვის განმავლობაში არ აიცრებიან, მწვანე პასპორტს დაკარგავენ.

მართალია, ამ ეტაპზე ახალი შეზღუდვა მხოლოდ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე მოქმედებს, თუმცა მთავრობის განცხადებით, იანვრიდან ის ყველა ზრდასრულ მოქალაქეზე გავრცელდება.

საფრანგეთის მსგავსად, ევროკავშირმაც დააანონსა, რომ ბლოკის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ბუსტერ დოზების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში მწვანე პასპორტებს გაუუქმებენ.

ევროკავშირის სისტემაში დანერგილი ახალი შესწორების თანახმად, ბლოკის ტერიტორიაზე მწვანე პასპორტს ვადა ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან ცხრა თვის განმავლობაში ექნება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მასშტაბით სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებასთან დაკავშირებით დისკუსიის დაწყება მოითხოვა.

ევროპაში მსჯელობენ იმის შესახებაც, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. ირლანდიის ვიცე-პრემიერმა ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ კოვიდის შესაჩერებლად მოსახლეობას, სავარაუდოდ,  სულ მცირე ოთხი დოზით აცრა დასჭირდება.