ენტონი ფაუჩი – თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, შესაძლოა, უფრო მკაცრი წესების შემოღება გახდეს საჭირო

ენტონი ფაუჩი – თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, შესაძლოა, უფრო მკაცრი წესების შემოღება გახდეს საჭირო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, შესაძლოა, უფრო მკაცრი წესების შემოღება გახდეს საჭირო.  CNBC-სთან ინტერვიუში ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში როგორც დელტა შტამის, ასევე ომიკრონის შემთხვევებიც მატულობს.

„თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, შესაძლოა, დაგვჭირდეს, რომ მეტი შეზღუდვები დავაწესოთ, მაგრამ ახლა სრულად ვაქცინირებული ადამიანები და ის პირები, ვინც ვაქცინის ბუსტერ დოზა მიიღო, თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ, “ – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის პრეზიდენტის მთავარ სამედიცინო მრჩეველს არ დაუკონკრეტებია შემთხვევების რა რაოდენობის დაფიქსირების შემთხვევაში გახდება ქვეყანაში უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება საჭირო.

„ვფიქრობ, რომ თუ ხართ ვაქცინირებული, თქვენი ოჯახიც ვაქცინირებულია, თქვენი მეგობრებიც აცრილები არიან და იმედია, ბუსტერ დოზებიც აქვთ მიღებული, მაშინ შეგიძლიათ სახლში სოციალური შეკრებით ისიამოვნოთ. ფრთხილად უნდა იყოთ საჯარო დახურულ სივრცეებში, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება,“ – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თქმით, ადამიანებმა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

„თუ გსურთ იყოთ ოპტიმალურად დაცული, მაშინ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები უნდა მიიღოთ. არავაქცინირებული ადამიანები უნდა ავცრათ. გარდა ამისა, გამაძლიერებელი დოზები ნამდვილად გეხმარებათ და ინფიცირებისგან ძალიან კარგად გიცავთ. ბუსტერ დოზის მიღების შემთხვევაში განსაკუთრებით დაცული ხართ მძიმე დაავადებისგან, რომელმაც, შესაძლოა, ჰოსპიტალიზაცია გამოიწვიოს,“ – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.