საქართველოს ენერგეტიკა იმპერიალიზმის საცეცეებში

საქართველოს ენერგეტიკა იმპერიალიზმის საცეცეებში

დამოუკიდებელი საქართველოს ენერგეტიკა კარგი მაგალითია იმის გასაგებად თუ რატომ უნდა გვესმოდეს კაპიტალისტური იმპერიალიზმის რეალური მნიშვნელობა, გვესმოდეს რა გავლენას ახდენს იმპერიალისტური პოლიტიკა ჩვენს სახელმწიფოზე და ხალხის ცნობიერებაზე. განსაკუთრებით საინტერესო ამ მაგალითის შუქზე იმ ყალბი იდეოლოგიის წაკითხვაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იწარმოება. აგვისტოს ომის შემდეგ თავად ომზე არანაკლებ საინტერესო ამბები დატრიალდა. 2009 წლის 12 იანვარს კავკასიის უდიდესი ენერგოსადგური „ენგურჰესი“, რომელიც იმ მომენტისთვის ჩვენი ენერგიის 40%-ს აწარმოებდა რუსულ სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოს“ გადაეცა, კომპანია აფხაზეთისა და საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგებაზე გახდა პასუხისმგებელი.

„ინტერ რაო“ არ არის კერძო კომპანია, მისი აქციების 100% რუსული სახელმწიფოს საკუთრებაშია, იმ მომენტისთვის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად რაოს სამეთვალყურეო საბჭოში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ კრავჩენკოც შედიოდა. უკვე 2011 წელს ინტერ რაოს ხრამჰესი ერთი და ხრამჰესი ორიც გადაეცა, ანეკდოტს გავს, მაგრამ ობიექტების გაყიდვიდან შემოსული ფულით სახელმწიფომ ქუთაისის პარლამენტი ააშენა.

საბოლოოდ რუსულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული კომპანიები ქართული ენერგეტიკის მსხვილი წილის მფლობელები გახდნენ. რუსული კომპანიების საკუთრებაში მყოფი ობიექტების შესახებ გვიყვება კვლევა სათაურით „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“. რა გამოდის? რომ ემბარგოს, ქართველების დეპორტაციის, ომის, დაღუპული ჯარისკაცების და რიგითი მოქალაქეების, დევნილების მორიგი ტალღის მიღების, ოკუპაციის შესახებ კანონის, რუსული არხების აკრძალვის და ლიბერალური ინტელიგენციის მიერ კულტივირებული ანტირუსული ისტერიის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ რუსული სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო სტრატეგიული აქტივები, რომლებიდანაც ელექტროენერგიით მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მარაგდებიან. რას ნიშნავს ეს ყველაფერი იდეოლოგიურ დონეზე? მარტივ რამეს, ჩვენ ერთი იდეოლოგიური მატრიცის უნდა გვჯეროდეს, გატაცებულები უნდა ვიყოთ ანტისაოკუპაციო თეატრით, ეგზალტირებულები ვიქნევდეთ ხელებს და ვრადიკალიზდებოდეთ საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც კაპიტალი და გლობალური ძალები ჩვენს ზურგს უკან წყვეტენ ჩვენს ბედს, გვძარცვავენ და გვასუსტებენ.

ინტერ რაოსთან გაფორმებული ხელშეკრულების გამოთხოვას სხვადასხვა დროს ცდილობდნენ გაზეთი რეზონანსი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თუმცა ეს დოკუმენტი დღემდე საიდუმლოა, მისი მოპოვება ვერც სასამართლოს გზით მოხერხდა და ვერც მთავრობის ცვლილების შემდეგ. განსაკუთრებით საინტერესოა ამ გარიგებაში მეორე იმპერიული სახელმწიფოს ამერიკის ჩართულობაა, რა რეაქცია ქონდა „თავისუფალ“ ამერიკას, მისი ხელშეწყობით გაკეთდა ეს ამბავი თუ მის ზურგს უკან? რუსულ, ქართულ და ინგლისურ წყაროებში ძიების შემდეგ გარიგების შესახებ ინფორმაცია ვიკილიკსზე აღმოჩნდა. ვიკილიქსის საიტზე, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოჟონილი დოკუმენტები არის თავმოყრილი, ჯულიან ასანჟი, რომელმაც ეს არქივი შექმნა, დღესდღეობით ინგლისის ციხეში იხდის სასჯელს.

2009 წლის 13 იანვარს, ინტერ რაოსა და ქართულ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღეს, ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი ვრცელ რეპორტს აგზავნის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც ჩვენი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ხელშეკრულებისა და მოლაპარაკების დეტალებს, ასევე შესაძლო შედეგებს მიმოიხილავს. https://bit.ly/3DthIDU

ირკვევა რომ ქართული სტრატეგიული ობიექტების ბნელ, პუტინისტურ და „ბოლშევიკურ“ რუსეთზე გადაცემა არც ამერიკისთვის წარმოადგენს დიდ პრობლემას:

„საქართველოში ბევრი ადამიანი სვამს კითხვებს რუსი პარტნიორის სანდოობასთან დაკავშირებით ასეთ სტრატეგიულ აქტივსა და სექტორში, აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის გათვალისწინებით. რაოს ინტერესი ამ ინვესტიციაში უეჭველია დაფუძნებულია დიდი თურქული ბაზრის პოტენციალზე საქართველოს ზღურბლთან, ისევე როგორც მზარდ ელექტროენერგიის ბაზარზე თავად რუსეთში. რაოს ისევე როგორც საქართველოს, ელექტროენერგიის გაყიდვა ბევრად მაღალ ფასად თურქეთში შეუძლიათ, იმისათვის რომ ქვეყნის პიკური საზაფხულო მოთხოვნა დააკმაყოფილონ.“

ჯონ ტეფტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა, უკრაინასა და რუსეთში