ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არის

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებითა და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დაინტერესებულები ვართ. ცოტა ხნის წინ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მოლაპარაკების დღის წესრიგი შემოგვთავაზეს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი იყო. ჩვენ ამით დაინტერესებულები ვართ,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი ამ საკითხის შესახებ საუბარზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, არალოგიკური იქნებოდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარების იდეაზე უარი თქვას.

„ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება სომხეთის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერევანი მხარს უჭერს რეგიონში კომუნიკაციის დაწყებას, რის წინაპირობადაც მან სოჭსა და ბრიუსელში გამართული შეხვედრები დაასახელა.

26 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის უმთავრესი თემა რეგიონში სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე კომისიის შექმნა იყო. მოლაპარაკებების შემდეგ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და ნორმალური ურთიერთქმედების ეტაპზე გადასვლას ცდილობს.

24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის სოჭიდან სომხეთში კმაყოფილი დაბრუნდა, თუმცა შემდგომში გაკეთებულმა განცხადებებმა მას აფიქრებინა, რომ მხარეებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს.

სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის სროლები აფერხებს. მხარეები ერთმანეთს საზღვარზე ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებენ.