
პოლონეთი გერმანიას „მეოთხე რაიხის“ ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებს
პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გერმანია ევროკავშირის გერმანიის ფედერალურ „მეოთხე რაიხად“ გარდაქმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ზოგიერთი ქვეყანა არ არის მოხიბლული ევროკავშირის ბაზაზე გერმანული მეოთხე რაიხის აშენების პერსპექტივით. თუ ჩვენ, პოლონელები ამ თანამედროვე ტიპის დაქვემდებარებას დავთანხმდებოდით, სხვადასხვა ფორმით დავკნინდებოდით,“ – განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონურ მედიასთან საუბრისას.
პოლონეთის ვიცე-პრემიერის თქმით, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ფედერალისტური იდეების გასახორციელებელ ინსტრუმენტად გამოიყენება.
გერმანიის ახალი მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციური მთავრობის ევროკავშირის მიმართ არსებული განზრახვების აღსაწერად მსგავსი სიტყვები პოლონეთის მმართველი პარტიის სხვა ლიდერებმაც გამოიყენეს.
სამი პარტიის მიერ გერმანიის მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების შეთანხმებაში ნათქვამია, რომ მის საბოლოო მიზანს ფედერალური ევროპული სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს. შეთანხმების ეს ასპექტი პოლონეთის მთავრობამ დაგმო. იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი ფედერალური სახელმწიფოს შექმნა პოლონეთს თვითგამორკვევის უფლებას წაართმევს.
თვის დასაწყისში გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პოლონეთში ვიზიტისას ქვეყნის პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ევროპული ფედერალიზმის იდეის მხარდაჭერა „უტოპიური და შესაბამისად სახიფათოა.“
პოლონეთი კანონის უზენაესობის საკითხის ირგვლივ არსებული უთანხმოების გამო ევროკავშირთან დაპირისპირებაშია. აღნიშნულ უთანხმოებას საფუძველი 2015 წლიდან ჩაეყარა, როდესაც პოლონეთმა სასამართლო სისტემაში ცვლილებების განხორციელება დაიწყო.
მიმდინარე კვირაში ევროკავშირმა პოლონეთის წინააღმდეგ ბლოკის კანონმდებლობის უგულებელყოფისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრის ბრალდებით, სამართლებრივი პროცესი წამოიწყო.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის