ვლადიმერ პუტინი – უსაფრთხოების გარანტიებზე უარის მიღების შემთხვევაში რუსეთის პასუხი ძალიან განსხვავებული შეიძლება იყოს

ვლადიმერ პუტინი – უსაფრთხოების გარანტიებზე უარის მიღების შემთხვევაში რუსეთის პასუხი ძალიან განსხვავებული შეიძლება იყოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-სა და ნატოს მიერ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსკოვის პასუხი ძალიან განსხვავებული იქნება. პასუხის არჩევანი სამხედრო ექსპერტების რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.

„ის შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წინადადებებს შემომთავაზებენ ჩვენი  სამხედრო ექსპერტები,“ – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან პოზიტიური შედეგის მიღებას შეეცდება.

„გვსურს, დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესში მივიღოთ იურიდიულად გამყარებული შედეგი იმ დოკუმენტების ფარგლებში, რომელიც ჩვენ მათ შევთავაზეთ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვის შემდგომი ქმედებები დამოკიდებული იქნება არა აშშ-ის პრეზიდენტთან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წინსვლაზე, არამედ რუსეთის უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე. ვლადიმერ პუტინის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ ნათლად და მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ „აღმოსავლეთისკენ ნატოს შემდგომი გადაადგილება მიუღებელია.“

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის საზღვრებთან რაკეტების განთავსებით არ არის დაკავებული.

„ამერიკის შეერთებული შტატები მოვიდა ჩვენს სახლთან თავისი რაკეტებით. ის ჩვენი სახლის ზღურბლზე იმყოფება,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმების პროექტები გამოაქვეყნა. ამავე დღეს გამოქვეყნდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებთან დაკავშირებით რუსეთს და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმების პროექტიც. აღნიშნული პროექტები რუსეთმა ამერიკულ მხარეს 15 დეკემბერს გადასცა.