იენს სტოლტენბერგი – რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წარუმატებლობისთვის მზად უნდა ვიყოთ

იენს სტოლტენბერგი – რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წარუმატებლობისთვის მზად უნდა ვიყოთ

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პარასკევს განაცხადა, რომ დასავლური ძალები რუსეთთან მაღალი დონის მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებისთვის მზად არიან. მისი თქმით, ნატო აღმოსავლეთში სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას განაგრძობს და რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მოსკოვისთვის  უპრეცედენტო სანქციების დაწესებისთვისაც ემზადება.

იენს სტოლტენბერგმა მოსკოვის მისამართით გამაფრთხილებელი გზავნილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ, რუსეთთან ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გააჟღერა.

„ნატო რუსეთთან კეთილსინდისიერ, შინაარსობრივ დიალოგში ჩაერთვება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ, შესაძლოა, მარცხი განიცადოს. ზუსტ ციფრებს არ დავასახელებ, თუ რამდენი ჯარისკაცის გაგზავნა შეგვიძლია, სად და როდის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, გვყავს ჯარები და გვაქვს მზადყოფნა. ჩვენ გვაქვს გეგმები, თუ როგორ შევძლოთ ყველა ჩვენი მოკავშირის დაცვა. ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზაციისთვის ახლა ბევრად მეტს ვაკეთებთ, ვიდრე წლების მანძილზე ვაკეთებდით, რათა ევროპაში მშვიდობა შევინარჩუნოთ,“- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინა, როგორც ალიანსის პარტნიორი ქვეყანა, ნატოს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლით დაცული არ არის, მაგრამ მოკავშირეები რუსეთის შეკავებასა და ერთმანეთის დაცვას გეგმავენ.

„ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის – ეს ალიანსის ძირითადი იდეაა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ. ერთზე თავდასხმა იქნება თავდასხმა ყველაზე. ამის მიზანი კონფლიქტის პროვოცირება არ არის, არამედ კონფლიქტის პრევენცია,“ – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დიალოგისთვის მზაობა გამოხატა, გამორიცხა მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები არ უნდა გახდნენ.

„ჩვენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით, როდესაც საქმე საქართველოსა და უკრაინას ეხება. შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მათ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, მოსკოვი არასწორ გათვლას აკეთებს, როდესაც რუსეთის საზღვრებთან ნატოს ყოფნის შეზღუდვა სურს. იენს სტოლტენბერგის მტკიცებით, დაძაბულობის განახლებამ, შესაძლოა, შვედეთი და ფინეთი, რომლებიც ნატოს პარტნიორები არიან, ალიანსში გაწევრიანებაზე დააფიქროს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, თუ ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრობას გადაწყვეტენ. ნატო ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.