
ვლადიმერ პუტინი – ყაზახეთში მაიდანის ტექნოლოგიები გამოიყენეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე სხდომას დაესწრო და ყაზახეთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, არეულობის დროს ყაზახეთში მაიდანის ტექნოლოგიები გამოიყენეს:
„რაც შეეხება ყაზახეთში არსებულ ვითარებას, ყველამ ვიცით, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს დახმარების თხოვნით მიმართა იმის გამო, რომ ჩვენს მოძმე ქვეყანას თავისი უსაფრთხოების, მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის თვალსაზრისით უპრეცედენტო გამოწვევასთან შეჯახება მოუხდა.
ჩვენ გვესმის, რომ ყაზახეთის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხე საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებულ სპონტანურ პროტეტს არ შეუქმნია. ის შექმნეს შიდა და გარე დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებმაც შექმნილი ვითარებით ისარგებლეს.
გარდა ამისა, ყაზახეთში აქტიურად გამოიყენებოდა მაიდანის ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი საპროტესტო აქციების სამხედრო და ინფორმაციული მხარდაჭერა. როგორც პრეზიდენტმა თოყაევმა განაცხადა, გამოიყენეს კარგად მომზადებული და კონტროლირებადი მებრძოლთა ჯგუფები, რომლებმაც, როგორც ჩანს, მომზადება საზღვარგარეთ არსებულ ტერორისტულ ბანაკებში გაიარეს. როგორც პრეზიდენტმა თოყაევმა აღნიშნა, ისინი თავს დაესხნენ ყაზახეთის სახელმწიფოს და ეს აგრესიის აქტი იყო. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას.
ამ ყველაფერზე დაუყოვნებლივ რეაგირება იყო საჭირო და ყაზახეთის პრეზიდენტის მიმართვას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ყველა ლიდერმა მხარი დაუჭირა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ დროის უმოკლეს ვადებში, რამოდენიმე საათში შეძლო საჭირო გადაწყვეტილებების მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ყაზახეთში ხელისუფლების ფუნქიონირების საფუძვლების შერყევა, შიდა ვითარების სრული დეგრადაცია, შეექმნა დაბრკოლება ტერორისტების, კრიმინალებისა და მოროდიორებისთვის.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო კონტიგენტი ყაზახეთში გაიგზავნა. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ ყაზახეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მათი გამოყენება საჭიროა. თავისი ფუნქციის შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელი კონტიგენტი ყაზახეთიდან გამოვა.
ყაზახეთის ხელმძღვანელების მიერ ჩვენი მხარდაჭერით გატარებული ღონისძიებების წყალობით ვითარება ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება.
ყაზახეთის მოვლენები გარე ძალების მხრიდან ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის არც პირველი და არც ბოლო მცდელობა არ არის. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ გატარებულმა ზომებმა აჩვენა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ სახლში რყევებს და ე.წ. ფერადი რევოლუციების სცენარის რეალიზებას.
რუსეთი მომავალშიც გეგმავს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გამყარებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს. დარწმუნებული ვარ, ყაზახეთის ხელმძღვანელობა და ხალხი არსებულ ვითარებას გაუმკლავდება და წარმოქმნილ სერიოზულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის