თუ რუსეთი ესკალაციის გზას აირჩევს, აშშ და მისი პარტნიორები მზად არიან მოსკოვს სანქციები დაუწესონ – ენტონი ბლინკენი

თუ რუსეთი ესკალაციის გზას აირჩევს, აშშ და მისი პარტნიორები მზად არიან მოსკოვს სანქციები დაუწესონ – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს. დიპლომატებმა რუსეთთან ურთიერთობაში სამომავლო ნაბიჯები შეათანხმეს. ენტონი ბლინკენსა და დმიტრო კულებას შორის საუბარი ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.

„უკრაინაში და მის ირგვლივ რუსეთის მუდმივი და დაუსაბუთებელი სამხედრო გაძლიერების გამო საერთო შეშფოთების გათვალისწინებით, ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ჟენევაში აშშ-რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგები განიხილეს და ოთხშაბათს ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდგომი ნაბიჯები შეათანხმეს,“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ენტონი ბლინკენმა დიპლომატიის შემდგომი განვითარებისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ გაიმართება.

ნედ პრაისის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრისას დმიტრო კულება დაარწმუნა, რომ თუ რუსეთი ესკალაციის გზას აირჩევს, აშშ და მისი პარტნიორები  მზად არიან მოსკოვს სანქციები დაუწესონ, აღმოსავლეთ ფრონტზე  ალიანსის ყოფნა გააძლიერონ და თავდაცვის სფეროში უკრაინის დახმარება გაზარდონ.