კანადაში, კვებეკის პროვინციაში არავაქცინირებულ ადამიანებს გადასახადები დაუწესდებათ

კანადაში, კვებეკის პროვინციაში არავაქცინირებულ ადამიანებს გადასახადები დაუწესდებათ

კანადაში, კვებეკის პროვინციაში ზრდასრულებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებენ, „ჯანმრთელობის შენატანის“ გადახდა დაეკისრებათ.

კვებეკის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ლეგომ განაცხადა, რომ  არავაქცინირებული ადამიანებისთვის გადასახადების დაკისრების შესახებ წინადადება ჯერ კიდევ მუშავდება.  მისი თქმით, გადასახადები არ დაეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო ჩვენების გამო ვაქცინის გაკეთება არ შეუძლიათ.

ფრანსუა ლეგოს განცხადებით, არავაქცინირებული ადამიანები სხვებს ფინანსურ ტვირთად აწვებიან. მისი თქმით, კვებეკის ფინანასთა სამინისტრო დაადგენს იმ თანხის რაოდენობას, რომლის გადახდაც არავაქცინირებულ პირებს მოუწევთ. ფრანსუა ლეგოს განცხადებით, პროვინციაში მაცხოვრებელ არავაქცინირებულ ადამიანებს სულ მცირე 100 კანადური დოლარის ( 79.50 ამერიკული დოლარი) ოდენობის გადასახადის გადახდა დაეკისრებათ.

კანადის პროვინციებში კოვიდ-19-ის შემთხვევების ექსპონენციალური ზრდა ფიქსირდება, რის გამოც ათიათასობით ადამიანი იზოლაციაში იმყოფება და ჯანდაცვის სექტორი გადაიტვირთა. ყველაზე მძიმედ კორონავირუსის ახალი ტალღა კვებეკის პროვინციას შეეხო. ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური რიცხვი კვებეკში ფიქსირდება.

კვებეკის პროვინციაში მოსახლეობის მხოლოდ 10% არ არის ვაქცინირებული. პროვინციის პრემიერის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრილი ადამიანების 50% სწორედ არავაქცინირებულ პაციენტებზე მოდის.

გასულ თვეში კვებეკში ჯანდაცვის მუშაკების ნაწილს კოვიდ-19-ის ტესტის პოზიტიური პასუხის მიუხედავად მუშაობის უფლება მიეცათ, რათა პროვინციაში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეფერხებისგან თავი დაეზღვიათ.

ორშაბათს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ ვაქცინების საჭირო რაოდენობით მომარაგება უზრუნველყო. ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადის ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ ვაქცინის მესამე ან მეოთხე გამაძლიერებელი დოზები გაიკეთონ.