ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ნატოს მათ ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო კონტინგენტის გაზრდის თხოვნით მიმართეს

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ნატოს მათ ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო კონტინგენტის გაზრდის თხოვნით მიმართეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ ნატოს მათ ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის გაზრდის თხოვნით მიმართეს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბალტიის ქვეყნებში ალიანსის კონტინგენტის ზრდა, შესაძლოა, რუსეთისთვის შემაკავებელ ფაქტორად იქცეს.

ნატოს დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, Reuters-თან საუბრისას აღნიშნა,  რომ ბალტიის ქვეყნების თხოვნას თებერვალში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ.

2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია მოხდა,  ნატოს კონტინგენტი ბალტიის ქვეყნებში მუდმივ რეჟიმში იმყოფება. ამჟამად ლეიტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ნატოს ათასამდე ჯარისკაცია განლაგებული.

12 იანვარს ბოლო ორი წლის მანძილზე პირველად ნატო-რუსეთის სამიტი გაიმართა, რომლის მთავარი განსახილველი თემა ევროპის უსაფრთხოება იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები ერთმანეთს ვერ დაუახლოვეს, თუმცა დიალოგის გასაგრძელებლად მზადყოფნა გამოხატეს.