აშშ-მა და ევროკავშირმა პოტენციური სანქციების ფარგლებში რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან გათიშვა გადაიფიქრეს

აშშ-მა და ევროკავშირმა პოტენციური სანქციების ფარგლებში რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან გათიშვა გადაიფიქრეს

გერმანული გაზეთის Handelsblatt-ის ინფორმაციით, აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინის გამო პოტენციური სანქციების ფარგლებში რუსეთის SWIFT-ის  საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან გათიშვა გადაიფიქრეს. გაზეთის წყაროების თანახმად, მსგავსმა ღონისძიებამ, შესაძლოა, ფინანსური ბაზრების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ალტერნატიული გადახდის ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყოს ხელი, სადაც დასავლეთი ლიდერობას დაკარგავს. ნაცვლად ამისა, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის უმსხვილესი ბანკებისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებას განიხილავენ.

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს.

Bloomberg-ისა და  CNN-ის ინფორმაციით SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვა მასზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა.

ვითიბი ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა დასავლეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმაში ეჭვი შეიტანა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ დასავლეთი ამას გააკეთებდა, რუსული ბანკები „გადარჩებოდნენ.“ 2014 წელს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა მან ომის გამოცხადებას შეადარა.

რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის პერსპექტივის რეალურობაში ეჭვი ეპარება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ბირიჩევსკიმ განმარტა, რომ შეერთებულ შტატებს ამ მუქარის განსახორციელებლად მექანიზმები არ გააჩნია, აღნიშნულ ღონისძიებას კი რეალური პერსპექტივები არ აქვს.

რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის პერსპექტივის პრობლემატურობაზე Bloomberg-ის წყაროებიც საუბრობდნენ. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არამხოლოდ რუსეთზე მოახდენს ზეგავლენას, არამედ ნავთობის, გაზისა და სხვა ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზეც აისახება.