ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის მოსახდენად უნდა გამოვიყენოთ

ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის მოსახდენად უნდა გამოვიყენოთ

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის მიხაელ როთის განცხადებით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის მოსახდენად უნდა იქნას გამოყენებული.

„ჩვენ ფსონს პრობლემის პოლიტიკურ-დიპლომატიურ გადაწყვეტაზე ვდებთ. სანქციებიც დიპლომატიური ინსტრუმენტების ნაწილია,“- განაცხადა მიხაელ როთმა ტელეკომპანია  ARD-სთან ინტერვიუში.

სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსის განცხადებით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, გამორიცხული არაფერია.

„თუ ჩვენ ნამდვილად მოგვიწევს სანქციების დაწესება, მაშინ წინასწარ ვერ გამოვრიცხავთ იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებს შეიძლება ჰქონდეთ,“- აღნიშნა მიხაელ როთმა.

ბუნდესტაგში ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანტონ ჰოფრაიტერმა მოითხოვა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაქსიმალურად დიდი ხნით გადაავადონ.

„მხოლოდ გეოსტრატეგიული მიზნების გამოც გონივრული იქნება, რომ საკითხი რაც შეიძლება დიდხანს დავტოვოთ ღია. წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანია  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის მოხდენის საშუალებას ხელიდან გაუშვებს,“- განაცხადა ანტონ ჰოფრაიტერმა სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში.

ანტონ ჰოფრაიტერი თვლის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ორი მიზეზის გამოა პრობლემატური: პირველი პრობლემა კლიმატის დაცვის საკითხებს ეხება, მეორე პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ გაზსადენი რუსეთს პოლონეთისა და უკრაინის გვერდით ავლით გაზის მიწოდების შესაძლებლობას მისცემს. მისი თქმით, გერმანიის მომარაგება აღნიშნულ დამატებით მილსადენზე არ არის დამოკიდებული, რადგან მილსადენები, რომლებიც ქვეყანას გაზს უკრაინის გავლით აწვდის, უკვე შესაბამისად შევსებულია.

ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის მიხაელ როთის განცხადებით, პუტინს ყველაზე მეტად მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიული მოძრაობების ეშინია.

„რუსეთისთვის რეალური საფრთხე იარაღიდან კი არ მოდის, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლების სიგნალიდან და აქ ვერანაირ დათმობაზე ვერ წავალთ,“- განაცხადა მიხაელ როთმა.

ანტონ ჰოფრაიტერის განცხადებით, გერმანიამ რუსეთთან ინტენსიური დიალოგი უნდა განაგრძოს.

„რასაკვირველია, პუტინთან დიალოგში დეესკალაციის ინსტრუმენტები გვჭირდება. გონივრული იქნება განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების გონივრული და სტრუქტურირებული გზით გაღრმავება,“ – განაცხადა ანტონ ჰოფრაიტერმა.