სერგეი რიაბკოვი – თუ აშშ აიღებს ვალდებულებას, რომ არასდროს მისცემს ხმას უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მზად ვართ ეს ვერსია განვიხილოთ

სერგეი რიაბკოვი – თუ აშშ აიღებს ვალდებულებას, რომ არასდროს მისცემს ხმას უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მზად ვართ ეს ვერსია განვიხილოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთისთვის მისაღები იქნება, თუ შეერთებული შტატები ვალდებულებას აიღებს, რომ  უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ხმა არ მისცეს.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტის ცნობილი ფორმულაა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. ეს უნდა გამოირიცხოს. ის უნდა შეიცვალოს გაგებით, რომ ეს არასდროს მოხდება. თუ აშშ აიღებს ცალმხრივ ვალდებულებას, რომ არასდროს მისცემს ხმას უკრაინისა და სხვა ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, მზად ვართ ეს ვერსია განვიხილოთ,“- განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს ვაშინგტონისთვის „უფრო მარტივი გზა იქნება.“ სერგეი რიაბკოვის თქმით, ნატოს გაფართოების საკითხზე მორატორიუმი რუსეთისთვის მიუღებელია და მას სამართლებრივი გარანტიები ესაჭიროება.

დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოსა და აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შეთანხმების პროექტები გამოაქვეყნა. მოსკოვი ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთში არ გაფართოვდეს. ის ქვეყნის საზღვრებთან ახლოს ნატოს იარაღის სისტემების განთავსების წინააღმდეგია.

სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეთავაზებაზე აშშ-სგან და ნატოსგან  წერილობითი პასუხი არ მიუღია.