გერმანიის კანცლერმა რუსეთს მიანიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის ამოქმედება შეაჩეროს

გერმანიის კანცლერმა რუსეთს მიანიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის ამოქმედება შეაჩეროს

18 იანვარს გერმანიამ მინიშნება გააკეთა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა,  მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება შეაჩეროს.

რუსეთთან გამართული აქტიური მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოთხშაბათს კიევში გაემგზავრება, საიდანაც ის ვიზიტით ბერლინს ეწვევა. გერმანიაში ენტონი ბლინკენი გერმანის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ოფიციალურ პირებთან ერთად „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესაჩერებლად ერთობლივი ძალისხმევის საკითხებს განიხილავს.“

კონფლიქტის გამწვავების შიშის ზრდის პარალელურად, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ის უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებით ეხმარება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მოსკოვსა და კიევში შეხვედრები გამართა.

ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთი დაზარალდება, თუ ის მეზობელზე თავდასხმას განახორციელებს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოსკოვს მიანიშნა, რომ ბერლინის მხრიდან სანქციები, შესაძლოა, მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედების შეჩერებასაც მოიცავდეს, რომელიც გერმანიას გაზს რუსეთიდან მიაწვდის.

ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ მილსადენის შესახებ დასმულ კითხვაზე ოლაფ შოლცმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, საფასური მაღალი იქნება და ნებისმიერი საკითხი განიხილება.

ოლაფ შოლცმა მანამდეც აღნიშნა, რომ გერმანია სანქციების დაწესებისთვის მზად არის და ნებისმიერი საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს, მათ შორის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენიც, რომლის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ის ჯერ არ ამოქმედებულა.

ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ახალი მილსადენის გახსნის შემდეგ ევროპის ენერგოუსაფრთხოება გაუმჯობესდება. მისი თქმით, გაზსადენის პროექტის პოლიტიზების მცდელობა კონტრპროდუქტიული იქნება.