რუსეთის საგარეო უწყება – აშშ-ის მიერ რუსეთის მოთხოვნების იგნორირებას სერიოზული შედეგები მოჰყვება

რუსეთის საგარეო უწყება – აშშ-ის მიერ რუსეთის მოთხოვნების იგნორირებას სერიოზული შედეგები მოჰყვება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე აცნობა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოსკოვის მოთხოვნების შემდგომ უგულებელყოფას, ყველაზე მძიმე შედეგები მოჰყვება.

დიპლომატებმა პარასკევს ჟენევაში შეხვედრა გამართეს. სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებებს სასარგებლო და გულწრფელი უწოდა. ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ მომავალ კვირაში მოსკოვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნებს წერილობით პასუხს გასცემს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსკოვის შეშფოთების უმთავრეს მიზეზს რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ძალებისა და შეიარაღების ფართომასშტაბიანი განლაგების ფონზე უკრაინის ტერიტორიაზე შეერთებული შტატებისა და ნატოს მოკავშირეების სამხედრო გაძლიერება წარმოადგენს. საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის შეშფოთების შემდგომ იგნორირებას ყველაზე სერიოზული შედეგები მოჰყვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადებით, ამის აცილება შესაძლებელია, თუ ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიების პროექტს დადებითად უპასუხებს.

„ჩვენ ველით, რომ ამერიკული მხარისგან წერილობით პასუხს მომავალ კვირაში მივიღებთ, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.