
„ვაშინგტონ პოსტი“ – ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, მოსკოვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნებზე აშშ-ის საპასუხო წერილი არ გაასაჯაროოს
ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებბს კვლავ გამართავს მას შემდეგ, რაც აშშ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე წერილობით პასუხს მიაწვდის.
სერგეი ლავროვმა ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს სასარგებლო და გულწრფელი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის უთანხმოებების მოგვარების შესაძლებლობებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ვერ გეტყვით, სწორ გზაზე ვართ თუ არა. ამას გავიგებთ, როდესაც ჩვენი წინადადების ყველა პუნქტზე აშშ-ისგან ქაღალდზე დაწერილ პასუხს მივიღებთ,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს დოკუმენტის გასაიდუმლოება მოსთხოვა, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ შესაძლოა კრემლმა აშშ-ის პასუხის გასაჯაროება გადაწყვიტოს მას შემდეგ, რაც მომავალ კვირაში შეერთებული შტატები დოკუმენტს გაგზავნის.
„ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პასუხი აშშ-ის უსაფრთხოების შეთავაზებებს მოიცავს და აჩვენებს, რომ ვაშინგტონი დიალოგის გაგრძელებით არის დაინტერესებული.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის