ნატო ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გამართავს

ნატო ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გამართავს

პენტაგონის პრესმდივნის ჯონ კირბის განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნები 24 იანვრიდან 4 თებერვლამდე ხმელთაშუა ზღვაში ფართომასშტაბიან სამხედრო-საზღვაო წვრთნებს „ნეპტუნი-22-ის დარტყმა“ -ს ჩაატარებენ. მისი თქმით, აღნიშნული მანევრები წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ წვრთნების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უკრაინის ირგვლივ გამწვავებული ვითარებაც გაითვალისწინეს.

სამხედრო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, წვრთნების დროს ამერიკული ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“ დამრტყმელ ჯგუფთან ერთად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოპერატიული კონტროლის ქვეშ გადავა და მანევრების ცენტრალური ელემენტი გახდება.

სამხედრო წვრთნებში აშშ-ის გარდა კიდევ რამოდენიმე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ჯონ კირბის არ დაუსახელებია, რომელი სახელმწიფოები ჩაერთვებიან სამხედრო მანევრებში. ხმეთლაშუა ზღვის სამხედრო წვრთნები წყალქვეშა საბრძოლო წვრთნებისა და შორ დისტანციაზე დარტყმების განხორციელებაში ვარჯიშს მოიცავს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის მარტში არქტიკული წრის მიღმა ნატოს „Cold Response 2022“-ის წვრთნები ჩატარდება, რომელშიც 35 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს მანევრები რეგიონში ყველაზე მასშტაბური იქნება.