„თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა

„თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა

„თალიბანის“ დელეგაციამ, რომელსაც ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ ხან მუთაქი ხელმძღვანელობს,  ოსლოში დასავლეთის მთავრობების მაღალჩინოსნებთან და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამდღიანი მოლაპარაკებები დაიწყო.

ნორვეგიის დედაქალაქში დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე „თალიბანის“ წარმომადგენლები ქალთა უფლებების აქტივისტებთან და  უფლებამცველებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

მოლაპარაკებების მიზანია, რომ „თალიბანი“ გაყინული მილიარდობით დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის აღდგენის სანაცვლოდ, ავღანეთში ადამიანების უფლებების დაცვის ხელშეწყობის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

„ალჯაზირას“ ინფორმაციით, ამირ ხან მუთაქი შეეცდება ამ თანხის ნაწილი მაინც დაიბრუნოს, რათა საჯარო მოხელეებს ხელფასი გადაუხადოს და დარწმუნდეს, რომ ქვეყანაში საკმარისი საკვებია, რადგან ამ ეტაპზე ავღანეთში ჰუმანიტარული მდგონარეობა უიმედოა.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ევროპაში გამართულ პირველ ვიზიტზე „თალიბანი“ ნორვეგიის, აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს  შეხვდება.

„თალიბანის“ მთავრობა ჯერ არცერთ ქვეყანას არ უღიარებია. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰიუტფელდმა განაცხადა, რომ ევროპაში ვიზიტი „თალიბანისთვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებას არ გულისხმობს, თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია იმ ძალასთან საუბარი, რომელიც ქვეყანას ფაქტობრივად მართავს.

ავღანეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო ქვეყანაში მოსახლეობის 55%-ს, 23 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება.