იენს სტოლტენბერგი – ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს

იენს სტოლტენბერგი – ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის ჯარს უკრაინაში არ განათავსებს.

„ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა  CNN-თან ინტერვიუში.

„არის თუ არა აშშ-ის ჯარების განლაგების შესაძლებლობა ნატოს მოკავშირეების ტერიტორიის საზღვრებს გარეთ? არა, ამაზე საუბარიც არ არის,“- დასძინა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ერთი დღით ადრე Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ომის დაწყების შემთხვევაში უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნაზე უარი განაცხადა. Associated Press -ის წყაროს ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება ბაიდენმა იმით ახსნა, რომ უკრაინა ნატოს წევრი ქვეყანა არ არის და კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, „ბირთვული დარტყმების გაცვლის საშიში რისკები“ წარმოშვას.

აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას სხვა ფორმით დაეხმაროს. დიდმა ბრიტანეთმაც ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში თავის ჯარებს არ გაგზავნის, ხოლო ესკალაციის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომად სანქციებს განიხილავს.