
ნატოში განიხილება სამხედრო შენაერთების გრძელვადიანი დატოვების შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვის გაძლიერების მიზნით
ამჟამად ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებულია როტაციის პრინციპით. თუმცა, ნატოს სამხედრო შენაერთები შესაძლოა გრძელი ვადით დარჩეს აღმოსავლეთ ევროპაში, რათა ალიანსმა გააძლიეროს საკუთარი თავადაცვა, ამის შესახებ განცხადება გააკეთა გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალური მდივნის განცხადება გაჟღერდა უკრაინის საზღვართან შექმნილი დაძაბულობის ფონზე, რაც უკავშირდება რუსეთის ჯარების საგრძნობლად გაზრდილ რაოდენობას რეგიონში.
„ჩვენ ვცდილობთ ყურადღებით შევისწავლოთ ჩვენი სამხედრო შენაერთების განთავსების გრძელვადიანი პერსპექტივა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ნატოს შტაბბინაში საკითხს აქტიურად განიხილავენ“, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბრიუსელში.
ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სამხედრო გაძლიერების საკითხს, სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც გაიმართება 16-17 თებერვალს.
დასავლეთის ქვეყნებმა მოუწოდეს მოსკოვს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონში მოხდება ნატოს წევრი აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნების სამხედრო ძალების მობილიზება.
Tags: პოლიტიკა NATO ევროპა
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის