აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ფლორიდას შტატის კანონპროექტი, რომელიც კრძალავს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული თემების განხილვას დაწყებით სკოლებში და მას „სიძულვილის“ დოკუმენტი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ფლორიდას შტატის კანონპროექტი, რომელიც კრძალავს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული თემების განხილვას დაწყებით სკოლებში და მას „სიძულვილის“ დოკუმენტი უწოდა

ფლორიდას შტატის გუბერნატორმა მოიწონა ახლადშემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და მალე, ალბათ, დაამტკიცებენ კიდეც.

კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას წარედგინა გასულ თვეში, დოკუმენტის იდენტური ვერსია კი სახელმწიფო სენატში სამშაბათს შევიდა.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე LGBT საზოგადოების მხარდასაჭერად დაწერა, რომ პირობას დებს, „განსაკუთრებით იმ ბავშვების წინაშე, ვისზეც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული „სიძულვილის“ კანონპროექტი, რომ გააგრძელებს ბრძოლას მათი უფლებების დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რასაც ისინი უდავოდ იმსახურებენ“.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე ადრე განაცხადა, რომ „დღეს ფლორიდას შტატში კონსერვატორმა პოლიტიკოსებმა  უარი თქვეს ძირითად ღირებულებებზე და ისეთი კანონპროექტი წარადგინეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელშიც შელახულია იმ ბავშვების უფლებები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ საზოგადოების მხარდაჭერას“.

სახელმწიფო კანონები, რომლებიც კრძალავენ ან ზღუდავენ LGBT თემებზე საუბარს საკლასო ოთახებში, არ არის იშვითი შემთხვევა. მსგავსი რამ ადრეულ წლებშიც არაერთგზის მომხდარა.

დღესდღეობით აშშ-ის ოთხ შტატში – ლუიზიანა, მისისიპი, ოკლაჰომა და ტექსასი – არსებობს კანონები, რომლითაც კატეგორიულად იკრძალება ან იზღუდება სექსუალური განათლების სწავლება სკოლებში.

გასულ წელს ტენესისა და მონტანას შტატებში მიიღეს კანონი, რომელიც მშობლებს აძლევს საშუალებას, თავად გადაწყვიტონ, მათი შვილები დაესწრებიან სწავლებას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ თუ არა.

ფლორიდას შტატის კანონპროექტი კი ამ კუთხით  ერთი საფეხურით მაღლა დგას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მშობელს პირდაპირ შეუძლია სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუკი დაინახავს, რომ რომელიმე მასწავლებლის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, რაც გულისხმობს LGBT თემებზე საუბარს და მათ განხილვას.

შტატის გუბერნატორი გამოეხმაურა რა კანონპროექტის ტექსტის შინაარსს, აღნიშნა, რომ სკოლებმა თავი უნდა აარიდონ „სრულიად მიუღებელ“ LGBT თემებზე საუბრებს და კონცენტრირება მოახდინონ ისეთ მნიშვნელოვან საგნებზე, როგორიცაა, მეცნიერება, ისტორია, სამოქალაქო სამართალი და ა.შ.

LGBT თემის ადვოკატები კი შიშობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს LGBT ახალგაზრდობის ფსიქიკას, რომელთა უსაფრთხოების საკითხიც, სავარაუდოდ, რისკის ქვეშ დადგება.

Tags: კულტურა აშშ ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები