
500000-ზე მეტი ავღანელი მიგრანტი ქაბულის დაცემისთანავე საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიემართება ევროპისკენ და ლა-მანშის სრუტის სანაპიროსკენ
დაზვერვის სფეროს ექსპერტებმა მინისტრები გააფრთხილეს, რომ გასულ წელს ქაბულის დაცემის შემდეგ ნახევარმა მილიონმა ავღანელმა მიგრანტმა გადაკვეთა საზღვარი და მიემართება ევროპისკენ და ლა-მანშის სრუტის სანაპიროსკენ.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა გასულ კვირას საგანგებო სამიტი გამართა თავის კოლეგებთან ერთად ხუთი თვალის საერთაშორისო სადაზვერვო ალიანსში, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ გააკონტროლონ მასობრივი მიგრაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე, ცდილობს, უფრო მკაცრი და ხისტი რეაგირება ჰქონდეს დიდ ბრიტანეთს მიგრანტების მიმართ, რომელთაც გადაკვეთეს ლა-მანშის სრუტის არხი. ბრიტანეთის საზღვრის დაცვის სამსახურის გუნდები ცდილობენ სასტუმროებში განთავსებული მიგრანტები მოიძიონ, ერთად მოუყარონ თავი და გადაიყვანონ სამხედრო ბაზებზე არსებულ დროებითი დაყოვნების ცენტრებში.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაფანტულ 2,6 მილიონ ავღანელ დევნილს კიდევ 500000 ავღანელი მიგრანტი დაემატა, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი ქვეყანა, იქ შექმნილი პოლიტიკური არეულობისა და შიმშილობის დაწყების გამო, რაც მოჰყვა თალიბების მიერ ავღანეთის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას.
შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთების საგანს წარმოადგენს ასევე, ბელარუსის მიერ ავღანელი დევნილების აქტიურად მიღება, მათი შეიარაღება და წაქეზება, რომ პოლონეთისა და ლიეტუვას გავლით შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე.
„ავღანელების ასეთი მასობრივი მიგრაცია სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს უახლოეს თვეებში, თუ ჩვენ ახლავე არ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, აცხადებს დიდი ბრიტანეთის სახელისუფლებო წყარო.
ამჟამად დაახლოებით 12000 ავღანელი დევნილი ცხოვრობს დიდი ბრიტანეთის სასტუმროებში, მუდმივი საცხოვრებელი კი ჯერჯერობით ნაშოვნი აქვს 4000-ზე მეტს.
ბრიტანეთის ხელისუფლება უაღრესად შეწუხებულია იმ ფაქტის გამო, რომ ამ დრომდე ვერ შეძლო არალეგალური მიგრაციის შეჩერება.
გასულ წელს 28000-ზე მეტმა მიგრანტმა გამოიყენა ზემოხსენებული მარშრუტი. ეს არის გასამმაგებული რაოდენობა 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ლტოლვილთა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ენვერ სოლომონმა განაცხადა, რომ: „ბრიტანეთის მიწაზე ადამიანებს ყოველთვის ეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გაემართლებინათ. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ. მოვუსმინოთ მიგრანტებს და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. მათ, ვისაც ნამდვილად ესაჭიროებათ დაცვა და თავშესაფარი, დავტოვოთ ქვეყანაში, ვისაც არა – დავატოვებინოთ ქვეყანა. გამოვიჩინოთ გულისხმიერება და ადამიანებს მოვეპყროთ პატივისცემით და თანაგრძნობით, იმის მაგივრად, რომ ისინი კრიმინალებად შევრაცხოთ და დავაკავოთ. მითუმეტეს, რომ მათმა უმრავლესობამ უკვე ისედაც მიიღო დიდი სულიერი და ფიზიკური ტრავმა სამხედრო ტიპის ბანაკებში ყოფნისას“.
Tags: პოლიტიკა ევროპა მიგრანტები
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის