უკრაინის ელჩი გერმანიაში: „სამხედრო თვალსაზრისით ბერლინმა კიევი მიატოვა“

უკრაინის ელჩი გერმანიაში: „სამხედრო თვალსაზრისით ბერლინმა კიევი მიატოვა“

დავოსში გერმანიის კანცლერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ უკრაინის ელჩმა გერმანიაში კვლავ გააკრიტიკა ბერლინი „კონკრეტული ნაბიჯების“ არგადადგმის და მძიმე შეიარაღების მიწოდების დაგვიანების გამო.

უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი ლიდერული თვისებების არქონასა და უკრაინის ინტერესების უგულვებელყოფაში დაადანაშაულა, მისი დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

„სამხედრო თვალსაზრისით ბერლინმა უკრაინა უბრალოდ მიატოვა“, განაცხადა მელნიკმა გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. პირველ რიგში, ეს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხს ეხება, ხაზგასმით აღნიშნმა ელჩმა. მისი თქმით, კიევს იმედი ჰქონდა, რომ კანცლერი „იმ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ისაუბრებდა, რის გადადგმასაც კოალიცია აპირებდა, ჩვენთვის ერთობლივი მხარდაჭერის აღმოსაჩენად, უკრაინის მიერ ამ ომის მოგების მიზნით“, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

„როგორც ჩანს, მათ არც შესაბამისი ლიდერული თვისებები და არც მამაცობა არ ყოფნით“, დაასკვნა მელნიკმა. „სამწუხაროდ, ასევე, არ არსებობს რაიმე დამაიმედებელი ნიშნები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც“, დაამატა მან.

შოლცმა დავოსში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას  რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს „მარცხი“ უწოდა. „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყველა სტრატეგიულმა მიზანმა უკვე მარცხი განიცადა. რუსეთის მიერ  მთელი უკრაინის დაპყრობა  დღეს უკვე ნაკლებად რეალურია, ვიდრე ეს ომის დასაწყისში ჩანდა“, განაცხადა მან. „მიზანი სავსებით აშკარაა – პუტინს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ეს ომი მოიგოს. და მე დარწმუნებული ვარ: ის მას ვერ მოიგებს“, – ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.

კანცლერმა ასევე, განაცხადა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა პირველად ახორციელებდა შეიარაღების მიწოდებას საომარი მოქმედებების ზონაში. „პუტინი სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ გამართავს, როცა გააცნობიერებს, რომ იგი ვერ შეძლებს უკრაინის თავდაცვის გარღვევას“, განაცხადა მან. თავის სიტყვით გამოსვლაში შოლცი მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხს არ შეხებია, რომლის დაგვიანების გამო კიევი მუდმივად აკრიტიკებს ფედერალურ ხელისუფლებას, აღნიშნავს გამოცემა RND.

“დაეხმარო ქვეყანას თავდაცვაში, რომელზეც სასტიკი თავდასხმა განხორციელდა, – ამაში ვერანაირ ესკალაციას ვერ ვხედავ. ეს არის უბრალოდ, დახმარება შეტევის მოგერიებაში და შესაბამისად, ძალადობის შეძლებისდაგვარად დროულად დასრულებისთვის გარკვეული ძალისხმევის გაღება“, – ასეთი განცხადება გააკეთა შოლცმა 19 მაისს მძიმე შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით.

უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა წრიული მიწოდების სისტემით ხდება: გერმანია ბუნდესვერის მარაგებიდან ტანკებს აწვდის  სამხრეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც თავის მხრივ, კიევში საბჭოთა წარმოების მძიმე ტექნიკას აგზავნიან .

Tags: გერმანია უკრაინა