გლობალიზაცია და მისი რეფორმირების აუცილებლობა (ნაწილი პირველი)

გლობალიზაცია და მისი რეფორმირების აუცილებლობა (ნაწილი პირველი)

გლობალიზაციის თავგადაკლული მომხრეები და საბაზრო ეკონომიკის ბოლშევიკები (ჯოზეფ სტიგლიცის - მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტის-ტერმინია და გულისხმობს ბენდუქიძის მსგავს ლიბერასტებს, რომლებიც თვლიან, რომ თურმე მთავრობა ბიზნესში და საბაზრო ეკონომიკაში საერთოდ არ უნდა ჩაერიოს) გლობალიზაციის პროცესს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს იყოს ობიექტური, ლამის ღმერთის ნების განმახორციელებელი მოვლენა, რომელშიც ადამიანს პაიკის როლი აქვს მიკუთვნებული და არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

სინამდვილეში ეს ასე არ არის.

გლობალიზაცია მართლაც უზარმაზარი ძალაა, რომელმაც ადამიანთა ნაწილის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ამათგან ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილის და 25-30 ქვეყნის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისაკენ. იმის გამო, რომ ეს პროცესი არასწორად (ან შეგნებულად არასწორად) იყო მართული, ათეულ მილიონობით ადამიანისათვის მან ვერ მოიტანა დადებითი შედეგი, ასეულ მილიონობით ადამიანისათვის კი ცხოვრება უარესობისაკენ შეიცვალა.

გლობალიზაცია ამ სახით გარდაუვალი აუცილებლობა სულაც არ არის და მისი შეცვლა შეიძლება , თუ განვითარებული ქვეყნები ამის სურვილს და ნებას გამოამჟღავნებენ. უნდა მოხდეს მისი იმ სახით რეფორმირება (გლობალიზაცია ადამიანური სახით), რომ მან სიკეთე მოუტანოს არა მარტო მდიდარ ადამიანებსა და განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ღარიბ და განვითარებად ქვეყნებსაც (150-მდე ქვეყანა, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც).

ამრიგად, გლობალიზაცია, როგორც ასეთი, არც კარგია და არც ძალიან ცუდი. სწორად და სამართლიანად წარმართვის შემთხვევაში მას სიკეთის და პროგრესის მოტანის დიდი პოტენციალი გააჩნია. ქვეყნებს, რომლებმაც გლობალიზაცია საკუთარი წესებით, საკუთარი ტემპით განვლეს (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი და სხვ.) ძალიან სერიოზული შედეგები ჰქონდათ (მიუხედავად კრიზისებისა), ვიდრე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას.

რატომ ვერ იქცა გლობალიზაცია პროგრესისა და სიკეთის მომტან ძალად ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში და ვინ წარმართავს ამ პროცესს?

როგორც ჯოზეფ სტიგლიცი წერს თავის ცნობილ წიგნში ("გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება:, თბ. 2012), გლობალიზაციის პროცესში "პირველადი ჩანაფიქრის მიხედვით, უნდა მომხდარიყო ხალხებისა და ქვეყნების დაახლოება, რაც ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების ხარჯის შემცირებას და ხელოვნურად შექმნილი ბარიერების მოშლას უნდა მოჰყოლოდა. ამის შემდეგ საქონლის, სერვისის, კაპიტალის, ცოდნისა და ადამიანების (შედარებით ნაკლებად) მოძრაობაც გაადვილდებოდა".

გლობალიზაციის პროცესს ძირითადად მართავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი(შეიქმნენ 1944 წელს ბრეტონ ვუდსში, ნიუ-ჰემფშირში) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ჩამოყალიბდა 1994 წელს) და მათ უკან მდგომი მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიები და განვითარებული ქვეყნების შვიდეული.

ამ ორგანიზაციების შექმნა იმის აღიარებასაც ნიშნავდა, რომ ბაზარი, საბაზრო ეკონომიკა ხშირად წარუმატებლად მუშაობს, რომ მან შესაძლოა წარმოშვას დიდი კრიზისები, უმუშევრობის დიდი ტალღები და ხშირად არ შეუძლია საჭიროების დროს ქვეყნები იმ დახმარებით უზრუნველყოს, რომელიც ეკონომიკის აღორძინებას შეუწყობს ხელს. ამ ორგანიზაციების შექმნის იდეა ეფუძნებოდა რწმენას, რომ ეკონომიკური სტაბილურობისათვის აუცილებელია კოლექტიური ქმედება გლობალურ დონეზე, ისევე როგორც გაეროს შექმნა დაეფუძნა რწმენას, რომ პოლიტიკური სტაბილურობისათვის აუცილებელია ერთობლივი ქმედება (თუმცა ბოლო ხანებში აშშ-მა და რუსეთმა გაეროს გვერდის ავლით განახორციელეს სამხედრო ქმედებიანი სხვადასხვა ქვეყნებში).
დროთა განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი მნიშნველოვნად შეიცვალა. თავიდან ის მოქმედებდა პრინციპით, რომ საბაზრო ეკონომიკა ხშირად წარუმატებლად მუშაობს, თუმცა კი 1980-იანი წლებიდან იგი საბაზრო ეკონომიკის ერთპიროვნულ უპირატესობას ქადაგებს.