გლობალიზაცია და მისი რეფორმირების აუცილებლობა (ნაწილი მეორე)

გლობალიზაცია და მისი რეფორმირების აუცილებლობა (ნაწილი მეორე)

გლობალიზაცია და მისი რეფორმირების აუცილებლობა ნაწილი მეორე, პირველი ნაწილი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

დროთა განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი მნიშნველოვნად შეიცვალა. თავიდან ის მოქმედებდა პრინციპით, რომ საბაზრო ეკონომიკა ხშირად წარუმატებლად მუშაობს, თუმცა კი 1980-იანი წლებიდან იგი საბაზრო ეკონომიკის ერთპიროვნულ უპირატესობას ქადაგებს.

არიან სხვა გლობალური ორგანიზაციებიც, რომლებიც სავალუტო ფონდის არ ემხრობიან ამ მიმართულებით. მაგალითად, შრომის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სათანადო ყურადღებას არ უთმობს მომუშავეთა უფლებებს, აზიის განვითარების ბანკი, სავსებით მართებულად, "კონკურენტულ პლურალიზმს" ქადაგებს, რომლის მიხედვითაც განვითარებად ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია განვითარების სხვადასხვა სტრატეგიის შესახებ. მათ შორისაა "აზიის მოდელი" - ეს არის საბაზრო ეკონომიკის სისტემა, როდესაც ბაზრის ჩამოყალიბების, ფორმირებისა და ზედამხედველობის პროცესში მთავარ როლს მთავრობა თამაშობს (სუბურო ოკიტა), რაც გულისხმობს, მაგალითად, ახალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშწყობას. ამ პროცესში საკუთარი თანამშრომლების სოციალურ კეთილდღეობაზე კომპანიებს სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრებათ - ეს ყველაფერი კი ძალიან განსხვავდება ამერიკული, ვაშინგტონში მომუშავე ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული მოდელისაგან.

ამრიგად, თავიდან სავალუტო ფონდის მიერ აღიარებული კეინსიური ორიენტაცია- საბაზრო ეკონომიკის წარუმატებლობის შემთხვევაში ახალი სამუშაო ადგილების წარმოშობის პროცესში მთავრობის როლის მნიშვნელობა - 1980 წელს თავისუფალი ბაზრის ერთპიროვნული უპირატესობის იდეამ ჩაანაცვლა - ეს იყო ე.წ "ვაშინგტონის კონსენსუსის" ნაწილი. შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკსა და აშშ-ის ხაზინის შორის მოხდა განვითარებადი ქვეყნებისათვის "სათანადო" პოლიტიკის შემუშავების შესახებ - ეს იყო ახალი, რადიკალურად განსხვავებული მიდგომა ეკონომიკური განვითარების და სტაბილურობის საკითხისადმი, რამაც არ გაამართლა უმრავლეს ქვეყანაში.

თავის დროზე ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის განკუთვნილი ეს მოდელი და პოლიტიკა წინასწარი აპრობირების და შესწავლის გარეშე გაატარეს აზიის, აფრიკის და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, რამაც უმძიმესი შედეგები მოიტანა.

ზოგ შემთხვევაში ვაშინგტონის კონსენსუსის პოლიტიკა, რომელიც ტარდებოდა განვითარებად ქვეყნებში, შეუფერებელი იყო იმათთვის, ვინც განვითარების ადრეულ სტადიაზე იმყოფებოდნენ ან სადაც გარდამავალი პერიოდი ახალი დაწყებული იყო (როგორც მაგალითად საქართველოში). ასევე არ გაამართლა ბაზრების და ვაჭრობის ლიბერალიზაციამ. განვითარებადი ქვეყნები აიძულეს იმპორტისათვის გაეხსნათ თავისი ბაზრები. შემოტანილი პროდუქცია კი დიდ კონკურენციას უწევდა ადგილობრივ ნაწარმს (საქართველოში ახლაც ასეა), ძირავდა ადგილობრივ პროდუქციას და კატასტროფული შედეგები მოჰქონდა და მოაქვს.

სისტემატურად მცირდებოდა სამუშაო ადგილები, ღარიბი ფერმერები კონკურენციას ვერ უწევდნენ აშშ-დან და ევროპიდან (თურქეთიდან და ირანიდანაც კი) შემოტანილ, საკუთარი მთავრობის მიერ სუბსიდირებულ საქონელს. უფრო მეტიც, სავალუტო ფონდის მოთხოვნას-განვითარებად ქვეყნებს შეენარჩუნებინათ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა - მაღალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნებას იწვევდა (და იწვევს), რაც საუკეთესო პირობებშიც კი ახალი სამუშაოა დგილების წარმოქმნას შეუძლებელს ხდიდა. იმის გამო, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაცია მანამდე მოხდა, ვიდრე უსაფრთხოების სისტემა ამოქმედდებოდა, ისინი, ვინც სამუშაო დაკარგეს, სიღარიბისათვის იყვნენ განწირულნი (არადა, როცა დასავლეთის ქვეყნებმა ღარიბ ქვეყნებს სავაჭრო ბარიერების გაუქმებისაკენ უბიძგეს (აიძულეს), შეინარჩუნეს ბარიერები საკუთარ ქვეყნებში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ განვითარებად ქვეყნებს, - არ შეეძლო და დღემდე არ შეუძლიათ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი აშშ-სა და ევროკავშირში, რისთვისაც ძალზე რთული ბარიერები იყო დაწესებული).

ამგვარად, ლიბერალიზაციამ ბევრ შემთხვევაში დაპირებული ზრდის ნაცვლად, გაჭირვების მატება გამოიწვია და გააუარესა მდგომარეობა.

1970-იან წლებამდე ევროპული ქვეყნები კრძალავდნენ კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას. დიდი უსამართლობაა, აიძულო განვითარებადი ქვეყნები ცუდად განვითარებული საბანკო სისტემით, ბაზრის გახსნის რისკზე წავიდნენ. ცხელი ფულის (ესაა ფული, რომელიც ქვეყანაში შედის და გადის ზოგჯერ ერთ დღე-ღამეში. ხშირად გაურკვეველია ვალუტა მყარდება თუ გაუფასურდება) უკონტროლო შემოდინება და გადინება ქვეყნიდან, რაც ხშირად ბაზრის ლიბერალიზაციას მოსდევს, როგორც წესი, ეკონომიკისათვის გამანადგურებელია.