გლობალიზაციამ და საბაზრო ეკონომიკამ ვერ მოიტანა დაპირებული შედეგები რუსეთსა და უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

გლობალიზაციამ და საბაზრო ეკონომიკამ ვერ მოიტანა დაპირებული შედეგები რუსეთსა და უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

გლობალიზაცია და მისი რეფორმირების აუცილებლობა ნაწილი მესამე.

გლობალიზაცია და მისი რეფორმების აუცილებლობა - ნაწილი პირველი

გლობალიზაცია და მისი რეფორმების აუცილებლობა - ნაწილი მეორე

ჯოზეფ სტიგლიცი წერს, რომ "განვითარებადი ქვეყნები პატარა ნავებს გვანან. ბაზრის სწრაფმა ლიბერალიზაციამ, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი წარმართავდა, ისინი ზღვაზე საცურაოდ მანამდე გაუშვა, სანამ კორპუსში ხვრელები ამოივსებოდა, კაპიტანი სწავლებას გაივლიდა და მაშველ ჟილეტებს მოიმარაგებდა. საუკეთესო სიტუაციაშიც კი მაღალია ალბათობა, რომ ნავი გადაბრუნდება, როცა დიდი ტალღა დაეჯახება.

სავალუტო ფონდის (რომელშიც მხოლოდ აშშ-ს აქვს ვეტოს უფლება) მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის წაყენებული "პირობითობები"-სინამდვილეში ეს იყო მკაცრი და მბრძანებულრი მოთხოვნები, რომლებიც სერიოზულად ლახავდნენ და ხელყოფდნენ ამ ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტს და რომლებსაც მათ თავს ახვევდნენ განვითარებული ქვეყნები ამ ფონდის მუშაკთა ("ეკონომიკური მკვლელები", როგორც მათ უწოდებდა ჯონ პერკინსი) მეშვეობით.

საბჭოთა კავშირის და სოციალისტური სისტემის კოლაფსმა სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს ახალი ასპარეზი გაუხსნა. თავიდან სავალუტო ფონდი წარმართავდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში (გვახსოვს მისი წარმომადგენელი შადმან ვალავი, რომელიც ქართველ მეწარმეებს ურჩევდა ვენახის აჩეხვას და ღვინის და ლუდის წარმოებაზე უარის თქმას). როცა ფონდის ფინანსები საკმარისი აღარ იყო, საჭირო გახდა ამ საქმეში მსოფლიო ბანკის ჩარევაც, რომელსაც დაეკისრა უმცროსი პარტნიორის როლი. სავალუტო ფონდის ფუნქციებში შედიოდა მაკროეკონომიკური საკითხები, საბიუჯეტო დეფიციტი, სავალუტო პოლიტიკა, ინფლაცია, სავაჭრო დეფიციტი, საზღვარგარეთიდან სესხის აღების პროცესი.

როგორც ჯოზეფ სტიგლიცი მიუთითებს, "საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იმპერიალისტური მიდგომა არჩია; იმის გამო, რომ ნებისმიერ სტრუქტურულ საკითხს გავლენის მოხდენა შეეძლო ეკონომიკის საერთო მდგომარეობაზე, ან ბიუჯეტისა და სავაჭრო დეფიციტზე, ორგანიზაციაში ჩათვალეს, რომ ნებისმიერ საკითხი (მათ შორის საკადრო - ვ.შ) მათი კომპეტენციის სფეროში ექცეოდა". სავალუტო ფონდსაც და მსოფლიო ბანკსაც შეეძლო განვითარებადი, მოვალე ქვეყნებისთვის სხვა, ალტერნატიული გზებიც შეეთავაზებინა, იმ სირთულეების შესახებ გაეფრთხილებინა, რაც განვითარებასა და გარდამავლ პერიოდს ახლავს თან. ეს დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობდა ხელს, მაგრამ დიდმა შვიდეულმა და, განსაკუთრებით აშშ-მა, სავალუტო ფონდის მეშვეობით მათ თავს მოახვია ე.წ "შოკური თერაპია", რამაც სოციალური კოლაფსი გამოიწვია ამ ქვეყნებში.

დაარსებიდან 70 წლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისი მისია ვერ (არ) შეასრულა - არ გაკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა- ფული გამოეყო ქვეყნებისათვის, რომლებიც ძალზე მძიმე ეკონომიკურ სირთულეებს განიცდიდნენ. ბევრი მათგანის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, 120-მდე ქვეყანამ კრიზისი განიცადა.

ფონდის მიერ ინიცირებულმა კაპიტალის ბაზრის ლიბერალიზაციამ გლობალურ არასტაბილურობას შეუწყო ხელი და მსოფლიიო ფინანსური კრიზისი გამოიწვია, რომელიც 2007 წლიდან დღემდე გრძელდება. მიუხედავად მუდმივი დაპირებისა, რომ სიღარიბე შემცირდებოდა, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 300 მილიონით გაიზარდა. გაიზარდა ცხოვრების და შემოსავლის დონის სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის არა მარტო ღარიბ, არამედ მდიდარ ქვეყნებშიც კი-ანუ გაღრმავდა სოციალური უთანასწორობა. ბჟეზინსკის მონაცემებით თუ "1990 წელს აშშ-ში საწარმოთა დირექტორების ხელფასები 70-ჯერ მეტი იყო საშუალო ამერიკელის ხელფასზე, 2013 წლისათვის ეს განსხვავება 325-ჯერაა გაზრდილი. ამით საზოგადოებაში სამართლიანობა გაითელა, ეს კი სტაბილური სახელმწიფოს ფუნდამენტია".

გლობალიზაციამ და საბაზრო ეკონომიკამ ვერ მოიტანა დაპირებული შედეგები რუსეთსა და უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც კომუნიზმიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადადიოდნენ. ამ ქვეყნებს დასავლეთი დაპირდა, რომ ახალი ეკონომიკური სისტემა მათ უპრეცედენტო კეთილდღეობას მოუტანდა, ამის ნაცვლად მათ უპრეცედენტო სიღარიბე იხილეს.
უზარმაზარი განსხვავება არსებობს რუსეთს (რომლის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო მართული) და ჩინეთს შორის, რომელმაც ეს პროცესი დამოუკიდებლად წარმართა. 1990 წელს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი რუსეთის შიდა პროდუქტის 60%-ს შეადგენდა. ათი წლის შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვალა. რუსეთში მოხდა სიღარიბის დონის არნახული ზრდა, ჩინეთში კი - არნახული შემცირება.

სავალუტო ფონდი ამ ქვეყნებში მაკროეკონიმიკის ნაცვლად ისეთი სუტრუქტურული საკითხებითაც დაინტერესდა, როგორიცაა პრივატიზაცია, დასაქმების ბაზარი, საპენსიო რეფორმა. ფონდის წამომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არ კარნახობენ სესხის პირობებს მსესხებელ ქვეყანას და ყველაფერი მოლაპრაკებების გზით ხდება. მაგრამ ეს ცალმხრივი მოლაპარაკებაა, რადგან ყველა ბერკეტი ფონდის ხელშია ძირითადად იმის გამო, რომ მსესხებელი ქვეყნები ძალიან გაჭირვებაში იმყოფებიან.

ქვეყნებს მკაცრად გაწერილი გეგმა ჰქონდათ - კონკრეტული მიზნებისათვის 30, 60 ან 90 დღეში უნდა მიეღწიათ. ზოგჯერ ხელშეკრულებები იმასაც კი განსაზღვრავდა, რა კანონები უნდა მიეღო ამ ქვეყნის პარლამენტს ფონდის დავალების დრულად შესასრულებლად.