შოტლანდიელ მასწავლებლებს „თეთრკანიანების პრივილეგირებული მდგომარეობის შესახებ“ ტესტის ჩაბარება დაევალათ

შოტლანდიელ მასწავლებლებს „თეთრკანიანების პრივილეგირებული მდგომარეობის შესახებ“ ტესტის ჩაბარება დაევალათ

შოტლანდიელ მასწავლებლებს „თეთრკანიანების პრივილეგირებული მდგომარეობის შესახებ“  ტესტის“ ჩაბარება დაევალათ: მათ მოსწავლეებს უნდა ასწავლონ, რომ რასის ცნება ევროპელებმა გამოიგონეს, რათა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული გაემართლებინათ.

შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტარჯონის მთავრობამ მასწავლებლებს ანტირასისტული ინსტურქციების სერია წარუდგინა. აღნიშნული ინსტრუქციების შემუშავების მიზეზად კლასებში „რასობრივი თანასწორობის განმტკიცება“ და სკოლის სასწავლო გეგმის „დეკოლონიზაცია“ დასახელდა.

ექსპერტებმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას „უკიდურესად მიკერძოებული და ცალმხრივი“ უწოდეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ბავშვებს რასიზმის არსი და მისი ისტორია გამარტივებული ფორმით მიეწოდებათ, რაც სარისკოა.

შოტლანდიის მთავრობის გადაწყვეტილება გზას უხსნის ისეთი წინააღმდეგობრივი ცნებების დამკვიდრებას, როგორიც არის „თეთრკანიანების პრივილეგია.“ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ინსტრუქციებში აღნიშნულია, რომ თეთრკანიანები კანის ფერის გამო ავტომატური პრივილეგიებით სარგებლობენ საზოგადოებაში.

მასწავლებლებს დაევალათ მოსწავლეებს ასწავლონ, რომ რასა არის „სისტემა, რომელიც კაპიტალიზმის და თანამედროვე მსოფლიო წესრიგის არსებობას უწყობს ხელს.“ მასწავლებლებს  „სოციალიზაციის პროცესში შეძენილ რასისტულ ფიქრებზე რეფლექსიაც“ დაევალათ. მასწავლებლებმა უნდა ჩააბარონ 30 კითხვისგან შემდგარი ტესტი, რომელიც ბრიტანულ საზოგადოებაში არსებული „სტრუქტურული რასობრივი უთანასწორობის“ დემონსტრირებას ისახავს მიზნად.

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ლინდზი პიტერსონი აცხადებს, რომ ლექციებისა და გაკვეთილების პროცესის „განსაცვიფრებლად მიკერძოებულ და ცალმხრივ“ დირექტივებზე დაფუძნება ლიბერალური საზოგადოებისთვის არაადეკვატურია. მან განაცხადა:

„აღნიშნული რეკომენდაციები მხოლოდ რასიზმის ცალმხრივი ინტერპრეტაციაა და მის ბოროტ მხარეებს უსვამს ხაზს, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებს დაეხმაროს რასიზმის წარმოშობის მიზეზების დადგენაში. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ გაეცნონ მრავალმხრივ ხედვებს რასიზმთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ შოტლანდიის როლის შესახებ რასიზმის ჩამოყალიბებასა და მონებით ვაჭრობის დაწყებაში, ამასთან, მათ უნდა იცოდნენ შოტლანდიის იმ წვლილის შესახებაც, რომელიც ქვეყანამ რასიზმის დასრულებაში შეიტანა. ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რასიზმი ზოგჯერ იყო კაპიტალისტური ეკონომიკისთვის მომგებიანი შესაძლებლობა. მათ ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ კაპიტალიზმთან დაკავშირებულმა ხედვებმა და  პრინციპებმა დაანგრიეს რასიზმი.“

„ანტირასისტული კომპლექტი,“ რომელიც შოტლანდიის მთავრობამ წარმოადგინა, რასას სოციალურ კონსტრუქციად განიხილავს, რომელიც „სამხრეთის მიწების, რესურსების და  ადამიანების მკვლელობისა და ექსპლუატაციის გასამართლებლად“ შეიქმნა.

პროფესორი პიტერსონი აცხადებს, რომ კარგი განათლება ბავშვს სამყაროს კომპლექსურობის გააზრებაში უნდა ეხმარებოდეს.

შოტლანდიის განათლების მინისტრმა შირლი-ენ სომერვილმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მიზნად ისახავს „ფართო საზოგადოებიდან რასიზმის სრულად ამოძირკვას.“

შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ პირობა დადო, რომ ახალ სასწავლო პროგრამას შეიმუშავებდა შოტლანდიისა და დიდი ბრიტანეთის კოლონიალური ისტორიის სასწავლებლად. ისინი აღნიშნავდნენ, რომ განათლების ახალი პოლიტიკა Black Lives Matter-ის მოძრაობით იყო შთაგონებული, რადგან ამ მოძრაობამ „უკეთ გამოააშკარავა რასობრივი უსამართლობისა და რასიზმზე დაფუძნებული ძალადობის პრობლემები, ასევე იმის საჭიროება, რომ ყველა ქვეყანამ თვალი გაუსწოროს საკუთარ კოლონიალურ წარსულს.“

შოტლანდიის მასწავლებელთა გაერთიანება მიესალმა ახალი დირექტივების გავრცელების ფაქტს და აღნიშნა, რომ ახალ დოკუმენტებზე მუშაობას შავკანიანი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ. მასწავლებელთა გაერთიანებაში იმედი გამოთქვეს, რომ ახალი სასწავლო რესურსები მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას განუვითარებს და რასიზმთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გაანალიზებაში დაეხმარება.