სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მონაცემებით, ლონდონში დაბადებულ ახალშობილთა 57 % არაბრიტანელი ქალების შვილია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ლონდონში დაბადებულ ახალშობილთა 57 % არაბრიტანელი ქალების შვილია.

კვლევებით დგინდება, რომ დიდი ბრიტანეთის 8 ქალაქში დაბადებული ბავშვების ნახევარზე მეტი უცხოური წარმოშობის ქალის შვილია, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში მასობრივი იმიგრაციის შედეგია – წერს გამოცემა Telegraph.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის Migration Watch UK-ის მიერ წარმოდგენილ კვლევის ანგარიშში ნაჩვენებია, რომ მხოლოდ ლონდონის პოპულაცია 2001 წლის შემდეგ  1.8 მილიონით გაიზარდა და 9 მილიონს მიაღწია.

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მონაცემებით, ლონდონში დაბადებულ ახალშობილთა 57 % არაბრიტანელი ქალების შვილია. იმიგრირებული დედების შვილები ახალშობილთა 42 %-ს წარმოადგენენ ბირმინგემში, დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეორე ქალაქში, აღნიშნული მონაცემი 50 %-ს უტოლდება მანჩესტერში, რომელიც ბრიტანეთში სიდიდით მესამე ქალაქს წარმოადგენს.

არაბრინატელი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების ყველაზე მაღალი წილი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სლაუზე მოდის. ახალშობილთა 62% იმიგრანტი ქალების შვილია. აღნიშნული რიცხვი მაღალია ლუტონშიც და 58 %-ს უტოლდება, მსგავსი მდგომარეობაა კემბრიჯში (57 %), ლესტერში (56 %), ოქსფორდსა (53 %) და უოტფორდში (52 %).

Migration Watch UK-ის მიერ წარმოდგენილ კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევის მონაცემები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი სასკოლო ასაკს მიაღწევენ. მკვლევარები ასკვნიან, რომ კონკრეტულ რაიონებს შორის არსებული დისპროპორციები მოსახლეობის სეგრეგაციის რისკს გაზრდის.  სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა მტკიცებულებად წარმოადგინა 2016 წელს ჩატარებული ინტეგრაციის აუდიტის მონაცემები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ფიქრობდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 50-90 %-ს აზიელი შეადგენდნენ.

დიდი ბრიტანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სკოლის მოსწავლეთა მხოლოდ 12 %-ია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, თუმცა აღნიშნული მონაცემი 38 %-ს უტოლდება აღმოსავლეთ მიდლენდში, ხოლო 80 %-ია ლონდონის ცენტრალურ ნაწილში.

2016 წელს ჩატარებული ინტეგრაციის აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია: „დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის მრავალფეროვნების გაზრდასთან ერთად, ეთნიკური უმცირესობები ერთის მხრივ გაიფანტნენ სხვადასხვა რაიონში, რიგ შემთხვევებში კი ისინი ადგილობრივებისგან უფრო განცალკევებულები და კონკრეტულ სივრცეებში კონცენტრირებულები გახდნენ.“

დიდ ბრიტანეთში მიგრაცია 1980-2000 წლებში წელიწადში 80 000 ადამიანს შეადგენდა, აღნიშნული რიცხვი 2001 წლის შემდეგ, წელიწადში 300  000 ადამიანამდე გაიზარდა.

„ჩვენი ქალაქების სწრაფად ცვალებადი ბუნება ინტეგრაციის სერიოზული რისკების წინაშე გვაყენებს და ეს ჩვენთვის სერიოზულ გამოწვევად იქცევა. აღნიშნული რისკი გარდაუვალი არ არის. ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ  იმიგრაციის მასშტაბები, თუ გვსურს, რომ სოციალური ჰარმონია შევინარჩუნოთ. საჭიროა, წამოვაყენოთ წინადადებები აღნიშნული მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის Migration Watch UK-ის თავმჯდომარემ ალფ მეჰმეთმა.